ევროკომისია უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციაზე: სკრინინგი „უპრეცედენტო სიჩქარით“ მიმდინარეობს

სკრინინგის პროცესი (უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება), უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში, ევროკავშირისთვის უპრეცედენტო სისწრაფით მიმდინარეობს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა გიომ მერსიემ ბრიუსელში 22 აპრილს გამართულ ბრიფინგზე European Pravda-ს კორესპონდენტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მერსიემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი ევროკომისიის პრიორიტეტია და უკრაინა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სტაბილური პროგრესით მიიწევს, კერძოდ, გაფართოების ისტორიაში სკრინინგის ყველაზე მაღალი სიჩქარის დემონსტრირებით.
„გაფართოება ამ კომისიის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. უკრაინასთან მოლაპარაკებები 2024 წლის ივნისში დავიწყეთ. უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სტაბილურ პროგრესს აჩვენებს. ამჟამად ევროკავშირის სამართლის სხვადასხვა თემატური კლასტერების ორმხრივი სკრინინგის პროცესში ვართ“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
„უკრაინის შემთხვევაში, ვიყენებთ დაჩქარებულ პროცედურას - სკრინინგი უპრეცედენტო სიჩქარით მიმდინარეობს. ეს უკრაინელ პარტნიორებთან ევროკომისიის ექსპერტების მჭიდრო თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი, რათა ამ ეტაპის მაქსიმალურად ეფექტურად გავლა უზრუნველყოფილიყო“, - განაცხადა გიომ მერსიემ.
მან განმარტა, რომ „ეს სამუშაო (სკრინინგის პროცესი) შემოდგომამდე გაგრძელდება“.
მერსიემ დაადასტურა, რომ უკრაინა უკვე მზად არის, გახსნას მოლაპარაკების პირველი კლასტერი - „ფუნდამენტური საკითხები“ (Fundamentals), მაგრამ ამისათვის საჭიროა ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის თანხმობა.
„უკრაინამ შეასრულა ყველა პირობა პირველი კლასტერის, ე.წ. „ფუნდამენტური საკითხების“ კლასტერის გასახსნელად. მაგრამ, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, ამისათვის საჭიროა ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ პირველი კლასტერის გახსნა უნგრეთმა დაბლოკა. მერსიემ დასძინა, რომ ეს საკითხი „ამჟამად ევროკავშირის საბჭოში განიხილება“
„თავის მხრივ, კომისია უკრაინას ყოვლისმომცველ მხარდაჭერას უწევს ყველა შესაძლო ფორმით - ტექნიკური, პოლიტიკური და ფინანსური. ამას გავაგრძელებთ მომავალში და ასევე, გავაგრძელებთ აქტიურ დიალოგს ყველა წევრ სახელმწიფოსთან“, - ხაზგასმით აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.