ევროკომისია: პუტინის მოწვევის შესახებ ვიცით, თუმცა მრავალმხრივ მოლაპარაკებებს ვამჯობინებთ
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ იციან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევის შესახებ, თუმცა მრავალმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების გამართვაზე არიან ორიენტირებული, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა პაულა პინიომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვიცით ამ მიწვევის შესახებ და კვლავ მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრის გამართვაზე ვართ ორიენტირებული. მზად ვართ, ამ ფორმატში მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა პაულა პინიომ.
კითხვაზე, რა ფორმით გაიგზავნა მიწვევა - პუტინის წერილით ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, დიპლომატიური ნოტით, თუ სხვა გზით, პრესსპიკერმა უპასუხა, რომ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.
„სამწუხაროდ, მიწვევის ფორმასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს“, - აღნიშნა პინიომ.
რაც შეეხება ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხის განხილვის შესაძლებლობას, რომლის შესახებაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა ისაუბრა, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის პოზიცია გასული კვირის შემდეგ არ შეცვლილა.
„ცეცხლის შეწყვეტა როცა იქნება, შესაძლებელი გახდება ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხის განხილვა. ეს დისკუსიები შესაბამის ფორმატში უნდა გაიმართოს, რაც ნატოს მოკავშირეებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სრულფასოვან მონაწილეობას გულისხმობს. შესაბამისად, ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას, რომლის შესახებაც უკვე გაცნობეთ“, - განაცხადა პაულა პინიომ.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია მკაფიოა.
„ჩვენ რეგულარულად გვაქვს კონტაქტი ბატონ უიტკოფთან და ბატონ კუშნერთან, რათა ასეთ მოლაპარაკებებთან, უფრო ზუსტად კი, მრავალმხრივ დონეზე შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოქმედებები შევათანხმოთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვმა დიპლომატიური არხებით ევროპელებს მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა მათი პოზიციის გასარკვევად.