Loading data...
ევროკომისია ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ისრაელის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების დაწესებას სთავაზობს

ევროკომისიამ შესთავაზა ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, რომ ღაზაში ისრაელის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციისთვის მის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები გაატარონ. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ევროკომისია გამოდის ისრაელთან, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ზოგიერთი სავაჭრო შეთანხმების შეჩერების ინიციატივით. ამასთანავე, ამ იდეას ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს.

ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ ისრაელმა ფუძემდებლური პრინციპები დაარღვია, როგორებიცაა ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატია. ამის გამო ევროკავშირს შეთანხმების ცალმხრივად შეჩერება შეუძლია.

ევროკავშირის სტრუქტურაში მიაჩნიათ, რომ ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებაში ისრაელია დამნაშავე. საუბარია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვაზე, სამხედრო ოპერაციების გაძლიერებაზე და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების გეგმაზე.

ევროკომისია ასევე ისრაელელი მთავრობის ორი წევრის, ნაციონალური უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირისა და ფინანსთა მინისტრის, ბეცაცელ სმოტრიჩის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. ასევე საუბარია „ჰამასის“ პოლიტბიუროს 10 წევრის დასანქცირებაზე.

მანამდე ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით, რომელიც პროგრამაში, „ევროპის ჰორიზონტი“, ისრაელის მონაწილეობის ნაწილობრივ შეჩერებას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში სამეცნიერო კვლევებისა და სტარტაპების დაფინანსება ხდებოდა.