Loading data...
ევროკომისია კიევში რამდენიმე დასავლური საელჩოს დახურვას გამოეხმაურა

ევროკომისიის წარმომადგენელი პიტერ სტანო გამოეხმაურა ზოგიერთი დასავლური საელჩოს გადაწყვეტილებას, უსაფრთხოების მიზნით, კიევში 20 ნოემბერს მუშაობა შეაჩერონ.

ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე სტანომ აღნიშნა, რომ თითოეული ქვეყნის ეროვნული ხელისუფლება თავად იღებს გადაწყვეტილებებს უკრაინაში მათი დიპლომატიური ინსტიტუტების მუშაობის შესახებ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

სტანომ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა კიევში აგრძელებს მუშაობას და უსაფრთხოების დამატებით ზომებს არ იღებს.

„მე შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან ჩვენ არ ვიღებთ რაიმე დამატებით სპეციფიკურ უსაფრთხოების ზომებს, რადგან ჩვენ უკვე ვმუშაობთ ძალიან სარისკო გარემოში. ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი მასშტაბური თავდასხმების გზით მთელ უკრაინაში აგრესიას აგრძელებს, ამიტომ ჩვენ ვიმოქმედებთ ამ ვითარებაში მზადყოფნის იმ დონით, რომელიც გვაქვს“, - ხაზგასმით აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, კიევში უსაფრთხოების მიზეზების გამო, 20 ნოემბერს საელჩო დროებით დახურეს აშშ-მა, ესპანეთმა, საბერძნეთმა და იტალიამ. 

შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე 20 ნოემბერს კიევზე რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საჰაერო იერიშის საფრთხის გამო.