Loading data...
ევროკომისარი: რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ კრიზისს უახლოვდება

ევროკომისარს სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანს მიაჩნია, რომ რუსეთის ეკონომიკა ძალზე სერიოზულ კრიზისს უახლოვდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„მხოლოდ სანქციებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს ვერ შეაჩერებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 4-წლიანმა სანქციებმა მასზე სერიოზული გავლენა მოახდინეს“, - განაცხადა ო’სალივანმა. მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკა „კატასტროფულ მდგომარეობაშია და მისი ყველა ინდიკატორი წითლად ციმციმებს“.

სალივანის თქმით, ქვეყნის ეკონომიკაში ამჟამად რეცესია შეინიშნება, ის განიცდის სერიოზულ პრობლემებს სახელმწიფო ფინანსების, ინფლაციის და მაღალი საპროცენტო განაკვეთების მხრივ. ევროკომისარი ამბობს, რომ ბანკებს გაცემული აქვთ ცუდი კრედიტები, რომლებიც სამრეწველო საწარმოებმა სამხედრო ეკონომიკის დასაფინანსებლად აიღეს და ახლა ეს საწარმოები ამ კრედიტებს ვეღარ იხდიან.

„რუსეთი ფინანსური კრახის ზღვარზეა, რომელიც შეიძლება 1998 წლის კრიზისს შევადაროთ. რა თქმა უნდა, პუტინმა შეიძლება ომი ნებისმიერ ფასად გააგრძელოს, მაგრამ ადრე თუ გვიან სიტუაცია გაუსაძლისი გახდება“, - ამბობს დევიდ ო’სალივანი.

მან გაიხსენა ე.წ. „ჰემინგუეის მომენტი“, რომელმაც გაკოტრება ასე ახსნა. „ის თავიდან ძალიან ნელა მიდის, ხოლო შემდეგ ძალიან სწრაფად“. ო’სალივანი ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკა ჯერ ძალიან ნელა, ხოლო შემდეგ ძალიან სწრაფად ჩამოიშლება, უბრალოდ არავინ იცის ზუსტად, ეს „ჰემინგუეის მომენტი“ როდის დადგება.