Loading data...
ევროკომისარი: ევროკავშირში ყველა მიგრაციული კრიზისის უკან ყოველთვის პუტინი დგას

კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ევროპაში მიგრაციის „მთავარი მამოძრავებელი ძალაა“, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტების გაღვივებაში მისი როლის გათვალისწინებით, - განუცხადა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა მაგნუს ბრუნერმა Financial Times-ს.

„პუტინი ყოველთვის ჩართულია ამ დიდ მიგრაციულ ნაკადებში. ყოველთვის ვლადიმერ პუტინი“, - აღნიშნა მან.

ბრუნერმა მიუთითა სირიის დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის მიმართ რუსეთის ლიდერის მხარდაჭერაზე ქვეყნის მთელი სამოქალაქო ომის განმავლობაში. ამ ომმა 2015-2016 წლებში ევროპაში მიგრანტების კრიზისი გამოიწვია, რის შედეგადაც კონტინენტზე 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა თავშესაფარი მოითხოვა.

მეორე მიგრაციული ნაკადი შედგებოდა „ევროკავშირში მოსული უკრაინელებისგან - და ისევ, ვლადიმერ პუტინი იყო ამაში ჩართული“, - განაცხადა ბრუნერმა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაზე საუბრისას, რის შემდეგაც 4.3 მილიონმა უკრაინელმა მიიღო დროებითი თავშესაფარი ევროკავშირში.

ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომში, მაშინაც კი, თუ ის რუსეთის დაწყებული არ არის, „ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერდა იქაურ რეჟიმს“, - აღნიშნა ბრუნერმა.

ამგვარად, ის, „ფაქტობრივად, ევროპაში მიგრაციის ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

თუმცა, 2015 წლისგან განსხვავებით, ევროპული ქვეყნები ახლა ცდილობენ, თავიდან აიცილონ ლტოლვილთა ფართომასშტაბიანი შედინება, რაც ახლო აღმოსავლეთში ომის შედეგად წარმოიშვა. დანიისა და იტალიის პრემიერ-მინისტრებმა ევროკომისიას მოუწოდეს, „განიხილოს მექანიზმები, რომლებსაც შეუძლია საგანგებო მუხრუჭის როლის შესრულება, რომელიც ფორსმაჟორული ზომის სახით გააქტიურდება, კავშირისკენ უეცარი მასშტაბური მიგრაციული მოძრაობის შემთხვევაში“.

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, ეს შეიძლება მოიცავდეს ბლოკის საზღვრების დახურვას, უსაფრთხოების საფრთხის შემთხვევაში. ევროკავშირის ქვეყნებმა ეს წარსულშიც გააკეთეს, მაგალითად, როდესაც რუსეთმა და ბელარუსმა მიგრანტები საზღვრის გადაკვეთით პოლონეთში გადაიყვანეს.

ბრუნერის თქმით, ევროკავშირი ახლა „გაცილებით უკეთ არის მომზადებული, ვიდრე 10 წლის წინ იყო“, იმის გათვალისწინებით, რომ თავშესაფრის პროცედურები უშუალოდ საზღვრებზე ხორციელდება და ახალი ბიომეტრიული სასაზღვრო შემოწმებები თანდათანობით ინერგება.

„ჩვენ ვიცით მიგრაციული ნაწილის შესახებ... მაგრამ, ასევე, ვიცით უსაფრთხოების ნაწილის შესახებაც, როდესაც საქმე ტერორისტულ თავდასხმებს ეხება, ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“, - დასძინა ბრუნერმა.