Loading data...
ევროკომისარი: ამერიკელების მიერ გრენლანდიის დაკავება ნატოს დასასრულს ნიშნავს

თუ აშშ გრენლანდიას დაიპყრობს, ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაშლას გამოიწვევს. ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნები დანიას დაუჭერენ მხარს, - ამის შესახებ Reuters-თან კომენტარში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

„ვეთანხმები დანიის პრემიერ-მინისტრს, რომ ეს ნატოს დასასრული იქნება, თუმცა ამას ხალხი უკიდურესად ნეგატიურად აღიქვამს“, - ხაზგასმით აღნიშნა კუბილიუსმა, როდესაც კომენტარი გააკეთა აშშ-ს მიერ გრენლანდიის ძალით დაბრუნების შესაძლებლობაზე.

მისი თქმით, ეს „ძალიან ღრმა ნეგატიურ გავლენას მოახდენს საზოგადოებრივ აზრზე და ჩვენს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე“.

კუბილიუსმა, ასევე, განაცხადა, რომ  არ ფიქრობს, რომ აშშ შეიჭრება, თუმცა გაიხსენა, რომ ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 42.7 მუხლი წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, დანიას დახმარება გაუწიონ მის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში.

„ეს დიდწილად დანიაზე იქნება დამოკიდებული - როგორ რეაგირებს და რა პოზიცია ექნება მას - თუმცა, რა თქმა უნდა, წევრი სახელმწიფოების ვალდებულებაა, ურთიერთდახმარება გასწიონ, თუ რომელიმე მათგანი სამხედრო აგრესიის წინაშე აღმოჩნდება“, - განმარტა ევროკომისარმა.

მან ეჭვქვეშ დააყენა გრენლანდიის ძალის გამოყენებით ოკუპაციის მიზანშეწონილობა და გააფრთხილა, რომ ეს გავლენას მოახდენდა ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ყველა ასპექტზე.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირს შეუძლია გრენლანდიის დამატებითი უსაფრთხოება უზრუნველყოს დანიის მოთხოვნით, მათ შორის ჯარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის, როგორიცაა სამხედრო ხომალდები და დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობა, განლაგებით.

„სამხედროების გადასაწყვეტია, ზუსტად რა არის საჭირო გრენლანდიის ან არქტიკის დასაცავად. ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა ევროკომისარმა.