Loading data...
ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცესი და 800 მილიარდი დოლარი - მედია უკრაინის კეთილდღეობის გეგმის დეტალებს ავრცელებს

აშშ და ევროკავშირი უკრაინის კეთილდღეობის გეგმის ფარგლებში რუსეთთან ომის შემდეგ ქვეყნის აღსადგენად 800 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავენ. გეგმა 10 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ Politico წერს. 

ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა და დიპლომატებმა გამოცემას ანონიმურად განუცხადეს, რომ 18-გვერდიან დოკუმენტში 10-წლიანი გეგმაა აღწერილი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული გზით უკრაინის აღდგენის გარანტიას იძლევა. ევროკომისიამ გეგმა ევროპის დედაქალაქებს 22 იანვარს, ბრიუსელში ლიდერების სამიტამდე გაუგზავნა.

გამოცემის ცნობით, უკრაინის ფინანსური აღდგენის სტრატეგია, რომელიც კეთილდღეობის გეგმაშია შეტანილი, 2040 წლამდეა გათვლილი და პროექტის დაწყების ოპერატიულ 100-დღიან გეგმას ითვალისწინებს.

ამავდროულად, როგორც საინვესტიციო კომპანია BlackRock-ში აცხადებენ, რომელიც უკრაინის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით უსასყიდლო კონსულტაციებს აწარმოებს, გარე კაპიტალის მოზიდვა რთული იქნება, ვიდრე საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება.

„დაფიქრდით. თუ საპენსიო ფონდის მენეჯერი ხართ, ანგარიშვალდებული ხართ თქვენი კლიენტებისა და პენსიონერების წინაშე. პრაქტიკულად შეუძლებელია საომარ ზონაში ინვესტირება. ვფიქრობ, ყველაფერი ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს და ამას დრო დასჭირდება“, - განაცხადა BlackRock-ის ვიცე-თავმჯდომარემ ფილიპ ჰილდებრანდმა 21 იანვარს დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

დოკუმენტი ითვალისწინებს აშშ-ის ინვესტიციებს უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალურ, ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და ტექნოლოგიურ პროექტებში. თუმცა, ჰილდებრანდის თქმით, ბიზნესი სრულად ვერ განვითარდება, ვიდრე აღმოსავლეთ ფრონტზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმები გაგრძელდება.

კეთილდღეობის გეგმა 20-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილია, რომლის მიღწევასაც აშშ კიევსა და მოსკოვს შორის ცდილობს. მისი მთავარი მიზანია უკრაინის საგანგებო დახმარების რეჟიმიდან მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე გადასვლის უზრუნველყოფა.

დოკუმენტის თანახმად, ვაშინგტონი არა მხოლოდ დონორის, არამედ სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორის, ინვესტორისა და ქვეყნის რეკონსტრუქციაში ნდობის საყრდენის როლსაც ასრულებს. ასევე გათვალისწინებულია ამერიკული კომპანიებისა და ექსპერტების პირდაპირი მონაწილეობა ადგილზე და აშშ-ის, როგორც კერძო კაპიტალის მომზიდველის, როლი კვლავ მნიშვნელოვანი რჩება.