ევროკავშირმა TikTok-ი მომხმარებელთა მონაცემების დაცვის სტანდარტების დარღვევისთვის 530 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირის მარეგულირებელმა TikTok-ი 530 მილიონი ევროთი დააჯარიმა მომხმარებელთა მონაცემთა დაცვის სტანდარტების დარღვევისთვის, - ამის შესახებ Politico წერს.
ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ (DPC) განაცხადა, რომ TikTok-მა დაარღვია ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ძირითადი წესები ევროპელი მომხმარებლების მონაცემების ჩინეთისთვის გადაცემით. ByteDance-ის საკუთრებაში არსებულმა „ტიკტოკმა“ ვერ აჩვენა, რომ ევროკავშირის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები, რომელთა ნაწილზე ჩინეთში პერსონალს ჰქონდა წვდომა, დაცვის მაღალი დონით სარგებლობს, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის კანონმდებლობით.
მარეგულირებელმა, ასევე, განაცხადა, რომ TikTok-მა 2020-დან 2022 წლამდე გამჭვირვალობის წესები დაარღვია, რადგან მომხმარებლებს არ აცნობა, რომ მათი პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ჩინეთს ჰქონდა.
კომპანიას 485 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა მონაცემების ჩინეთისთვის გადაცემისთვის, ხოლო 45 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გამჭვირვალობის ნაკლებობისთვის.
TikTok-ის ევროკავშირის შტაბ-ბინა ირლანდიაში მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წესების აღსრულებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო ირლანდიის DPC-ია.
როგორც კომისიამ დაადგინა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში TikTok ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის მომხმარებელთა მონაცემებს ჩინეთში არსებულ სერვერებზე არ ინახავდა, გასულ თვეში კომპანიამ გაამხილა, რომ თებერვალში აღმოაჩინა ჩინეთში შენახული მონაცემთა შეზღუდული რაოდენობა, რაც წაიშალა.
TikTok-ს ექვსი თვე მიეცა, რათა მონაცემთა დაცვის პრაქტიკა ევროკავშირის კონფიდენციალურობის წესებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ან ჩინეთისთვის მონაცემთა გადაცემა შეწყვიტოს.