Loading data...
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ გააგრძელა სანქციები იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში მონაწილეობდნენ. ამგვარად, სანქციები ძალაში მინიმუმ კიდევ ექვსი თვის განმავლობაში - 2026 წლის 15 სექტემბრამდე - დარჩება, ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეზღუდვები დაახლოებით 2,600 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება. ეს ზომები მოიცავს აქტივების გაყინვას, ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვას და სანქცირებული სუბიექტებისთვის სახსრების, ან ეკონომიკური რესურსების მიწოდების აკრძალვას. აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე „გაუმართლებელი და არაპროვოცირებული“ სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ განხილვის დროს სანქციების სიიდან ორი პირი ამოიღეს, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, ვინები. სანქციების ქვეშ მყოფი პირების სიიდან ასევე ამოიღეს ხუთი გარდაცვლილი პირი.

„ევროკავშირს კვლავ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, შეინარჩუნოს და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულოს იგი, დაასრულოს სასტიკი აგრესიული ომი და ჩაერთოს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში მშვიდობის მისაღწევად“, - ნათქვამია განცხადებაში.