Loading data...
ევროკავშირმა 2025 წელს რუსეთისგან 2 მლრდ ევროს ლითონი შეიძინა

ევროკავშირის მეტალურგიულმა დარგმა რუსეთისგან 2025 წელს სამთო-მეტალურგიული კომპლექსის 5,08 მლნ ტონა პროდუქცია შეიძინა, რომლის ფასი 2,08 მლრდ ევრო იყო. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

ამ პროდუქციაში ყველაზე მეტი ფოლადის ნახევარფაბრიკატებმა შეადგინა - 3,72 მლნ ტონა, რაც მთელი მოცულობის 73%-ია. ეს მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით 18,3%-ით მეტია.

როგორც ევროკომისიის მიერ ევროპარლამენტისთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია მითითებული, რუსეთიდან ამ პროდუქციის შეძენა 2028 წლის 30 სექტემბრამდეა დაშვებული კვოტების ეტაპობრივი შემცირების პროგრამის ფარგლებში. სანქციების ამ ბლოკში გარდამავალი მექანიზმი მოქმედებს.

სწორედ ამიტომ, სანქციების დაწესების მიუხედავად, რუსული ნახევარფაბრიკატები ევროპული მეტალურგიის მრეწველობაში კვლავ არის წარმოდგენილი. .

რუსული ნედლეულის იმპორტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იტალიისა და ბელგიის ბაზრებისთვის. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ვლადიმერ ლისინი ბელგიაში ორ ქარხანას ფლობს, რომლებიც ბრიუსელის მახლობლად მუშაობას განაგრძობენ. ამავე წყაროს ცნობით, ლისინი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მეგობარია და ის აქტიურად თანამშრომლობს ქარხნებთან, რომლებიც რაკეტებს, დრონებს და ბირთვულ იარაღს აწარმოებენ.