Loading data...
ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ წევრი სახელმწიფოების ნორმები, რომლებიც სქესის შესახებ მონაცემების განახლებას კრძალავს, ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება

ევროკავშირის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებმაც სქესი სხვა ქვეყანაში შეიცვალეს, უნდა ჰქონდეთ საშუალება განაახლონ თავისი მონაცემები სქესის შესახებ, ხოლო თუ ეროვნული კანონმდებლობა ამის უფლებას მათ არ აძლევს, ეს ევროკავშირის სამართლის დარღვევაა.

ევროკავშირის სასამართლომ აღნიშნული დადგენილება ბულგარელი ტრანსგენდერის საქმის მაგალითზე გამოიტანა. კერძოდ, საქმეში აღნიშნულია, რომ ადამიანი დაიბადა ბულგარეთში მამაკაცად. ზრდასრულ ასაკში ის საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და იქ სქესი შეიცვალა. ამის შემდეგ მას სამშობლოში დოკუმენტების განახლება მოუნდა.

მისი გენდერული იდენტობისა და სამედიცინო შეფასებების დამადასტურებელი საბუთების არსებობის მიუხედავად, ბულგარეთმა ტრანსგენდერის თხოვნას უარით უპასუხა. ბულგარეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდა.

ბულგარეთის უზენაესმა საკასაციო სასამართლომ ეჭვი შეიტანა იმაში, რომ ბულგარეთის კანონმდებლობა, რომელიც სქესს განსაზღვრავს, როგორც ბიოლოგიურ მოვლენას და შესაბამისი ცვლილებების შეტანას კრძალავს, ევროკავშირის სამართალს შეესაბამება. ამის გამო ბულგარეთის სასამართლომ ევროკავშირის სასამართლოს მიმართა.

ევროკავშირის სასამართლომ, თავის მხრივ, დაადგინა, რომ ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც სქესის შესახებ მონაცემების განახლების საშუალებას არ იძლევა, ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემის საკითხი წევრი სახელმწიფოების პრეროგატივაა, ის ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ხდებოდეს.

ევროკავშირის სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ ადამიანის ფაქტობრივ იდენტობასა და ძველ დოკუმენტებს შორის არსებული შეუსაბამობა მას პრობლემებს შეუქმნის ნებისმიერი შემოწმების ან ტრანსსასაზღვრო მოგზაურობის დროს.