Loading data...
ევროკავშირის სამი ქვეყანა მასშტაბური ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს

ევროკავშირის სამი ქვეყანა მასშტაბური ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს, - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. 

საბერძნეთში ტყის ხანძრების ლიკვიდაციის ოპერაცია და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ძლიერი ქარების შედეგად ხანძარმა ათენის მიდამოები მოიცვა. ხოლო ესპანეთისა და საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილში სიტუაცია კვლავ გაუარესდა. 

როგორც მედია წერს, საფრანგეთსა და ესპანეთში სოფლები განადგურდა და ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა, სახლები და დასასვენებელი ადგილები დაეტოვებინა.

საფრანგეთში, ვარის სამხრეთ-აღმოსავლეთის მთიან დეპარტამენტში ხანძარი, რომელიც სამი დღის წინ კონტროლს დაექვემდებარა, 31 ივლისს კვლავ გაჩნდა და ექვს საათში 1 000 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა. ხანძრის გამო 2 500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მეხანძრეებმა დამატებითი ძალები გამოიძახეს, რადგან მოსალოდნელი იყო ქარის გაძლიერება, რაც ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს გაართულებდა.

ესპანეთის დედაქალაქის გარშემო ვითარება სტაბილური გახდა, თუმცა მეხანძრეები ლეონის პროვინციაში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან.

მადრიდისა და ავილას ცენტრალურ რეგიონებში გაჩენილი მასშტაბური ხანძრები, რომლებმაც 70 000 ჰექტარზე მეტი გაანადგურა, სტაბილიზებულია.

საბერძნეთის ხელისუფლებამ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ატიკისა და ევბეის რეგიონების მოსახლეობა ტყის ხანძრების რისკების შესახებ გააფრთხილა.

ბეოტიის რეგიონში ტყის ხანძარს 300-ზე მეტი მეხანძრე, 92 სახანძრო მანქანა, მძიმე ტექნიკა და თვითმფრინავი ებრძვის.