ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა
დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საბჭოში აღნიშნავენ, რომ სესხი დაეხმარება ქვეყანას გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში, რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიული ომის ფონზე - ამ მიზნით, სესხი კონკრეტულად მიიმართება უკრაინის საერთო ბიუჯეტისა და თავდაცვის საჭიროებების მხარდასაჭერად.
შეთანხმება ითვალისწინებს 60 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას, საიდანაც 30 მილიარდი ევრო პირდაპირ უკრაინის ბიუჯეტის ხარჯებს მოხმარდება.
საფრანგეთის მიერ დაჟინებული პუნქტი დამტკიცდა: იარაღი ძირითადად უკრაინისა და ევროკავშირის მწარმოებლებისგან იქნება შეძენილი. სხვა ქვეყნებში - მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში.
უკრაინის დაფინანსებაზე სამმა ქვეყანამ - უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა - უარი თქვა. ევროკავშირის 27 წევრიდან დარჩენილი 24 ქვეყანა დაფინანსებას უზრუნველყოფს.
შეთანხმების საბოლოოდ გაფორმდება მომდევნო კვირების განმავლობაში.
როგორც ევროპულმა საბჭომ დაადასტურა, სესხი დაფინანსდება კაპიტალის ბაზრებზე ევროკავშირის მიერ აღებული სესხებით და გარანტირებული იქნება ევროკავშირის ბიუჯეტით.
სესხის დაბრუნება სავალდებულო გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას ომის რეპარაციებს გადაუხდის. გარდა ამისა, აღნიშნული დაფინანსება ხელს შეუწყობს ევროპული და უკრაინული თავდაცვის ინდუსტრიების გაძლიერებას.
სესხების ფარგლებში ხელმისაწვდომი ფინანსური და ეკონომიკური დახმარება გაიცემა უკრაინის ფინანსური საჭიროებების შესაბამისად, რაც განისაზღვრება უშუალოდ უკრაინის მიერ მომზადებული დაფინანსების სტრატეგიით. აღნიშნული სტრატეგია საბჭომ უნდა დაამტკიცოს მას შემდეგ, რაც მას ევროკომისია შეაფასებს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, დაფინანსება დაკავშირებული იქნება უკრაინის მხრიდან მკაცრი პირობების შესრულებასთან, როგორიცაა კანონის უზენაესობის დაცვა, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლა“, - აღნიშნულია განცხადებაში.