Loading data...
ევროკავშირის ლიდერებმა ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკავშირი მოუთმენლად ელის სამმხრივ სამიტს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით და მზადაა, შეუერთდეს მის მზადებას. ამის შესახებ ევროპელი ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ.

„დღეს დილით პრეზიდენტმა ტრამპმა ჩვენ და პრეზიდენტ ზელენსკის 2025 წლის 15 აგვისტოს ალასკაში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ინფორმაცია მოგვაწოდა. ლიდერები მიესალმნენ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, შეაჩეროს მკვლელობები უკრაინაში, დაასრულოს რუსეთის აგრესიული ომი და მიაღწიოს სამართლიან და მდგრად მშვიდობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლიდერებმა გაიმეორეს ტრამპის სიტყვები, რომ „შემდეგი ნაბიჯი ახლა უნდა იყოს შემდგომი მოლაპარაკებები, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელსაც ის მალე შეხვდება“.

„ჩვენ ასევე მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან, რათა მოვამზადოთ სამმხრივი სამიტი ევროპული მხარდაჭერით“, - განაცხადეს ევროპის სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების მეთაურებმა.

„ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ურყევი გარანტიები, რათა ეფექტურად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, რომ შეერთებული შტატები მზადაა, უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები. „მსურველთა კოალიცია“ მზადაა, აქტიური როლი შეასრულოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნულია: „არანაირი შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე, ან მესამე ქვეყნებთან მის თანამშრომლობაზე. რუსეთს არ შეუძლია ვეტოს დადება უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. უკრაინა საკუთარი ტერიტორიის შესახებ გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს. საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს“. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მშვიდობის გზაზე უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. 

„ვიდრე უკრაინაში მკვლელობები გრძელდება, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლა. გავაგრძელებთ სანქციების გამკაცრებას და უფრო ფართო ეკონომიკურ ზომებს, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთის საომარ ეკონომიკაზე, ვიდრე არ დამყარდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, - ნათქვამია განცხადებაში.