Loading data...
ევროკავშირი უნგრეთისთვის ადრე გაყინული 4,2 მლრდ ევროს გამოყოფას გეგმავს

ევროკავშირი უნგრეთს რამდენიმე წლის წინ გაყინული თანხების პირველ ნაწილს მისცემს. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, უნგრეთი 4,2 მლრდ ევროს ერთიანობის ფონდიდან მიიღებს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

დაფინანსების აღდგენის გარდა, ევროკომისია უნგრეთს აღუდგენს სტუდენტური გაცვლის პროგრამაზე, Erasmus-ზე და ინოვაციების კვლევის პროგრამაზე, Horizon Europe-ზე წვდომას.

„უნგრეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონის უზენაესობისა და ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიამ დაადგინა, რომ უნგრეთმა აღმოფხვრა ხარვეზები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმები, ინტერესთა კონფლიქტის გაჩენის რისკი და პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტიანობა.

უნგრეთში გაძლიერდა ევროკავშირის მიერ გამოყოფილ თანხებზე კონტროლი, ხოლო სახელმწიფო ტენდერების და საბიუჯეტო თანხების ხარჯვის პროცედურები უფრო გამჭვირვალე გახდა. ბრიუსელში ვარაუდობენ, რომ უნგრეთის მიერთება ევროპული პროკურატურის სისტემაზე კორუფციასთან ბრძოლას ხელს შეუწყობს.