Loading data...
ევროკავშირი - რუსეთი კვლავ რჩება G20-ის წევრად და უფლება აქვს სამიტს დაესწროს

მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიწვევის საკითხს ევროკავშირში გამოეხმაურნენ. 

როგორც ევროკომისიის პრესმდივნის მოადგილემ, ოლოფ ჰილმა განაცხადა, რუსეთი კვლავ დიდი ოცეულის წევრად რჩება და უფლება აქვს სამიტს დაესწროს. 

„პირველი, რაც გასათვალისწინებელია, არის ის, რომ რუსეთი კვლავ დიდი ოცეულის წევრად რჩება. შესაბამისად, მას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დიდი ოცეულის შეხვედრებში, მათ შორის მინისტრებისა და ლიდერების დონეზე“, - განაცხადა ოლოფ ჰილმა

23 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ მომავალ სამიტზე მიიწვიეს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა პუტინი მოწვევას.

„ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ჩვენ ამას ვაფასებთ, საკითხი კი განხილული იქნება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.