Loading data...
ევროკავშირი მიგრაციულ პოლიტიკას ამკაცრებს

ევროკომისიამ 7 უსაფრთხო ქვეყნის სია გამოაქვეყნა. ესენია ბანგლადეში, კოლუმბია, კოსოვო, ეგვიპტე, ინდოეთი, მაროკო და ტუნისი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მსურველთა განაცხადების განხილვა დაჩქარებულად მოხდება და იქ მიგრანტების უკან დაბრუნება იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას Deutche welle ავრცელებს.

როგორც მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ასეთი განაცხადების დიდი რაოდენობა განხილული არ არის და „გადაწყვეტილებების მიღების დასაჩქარებლად ნებისმიერი ზომა ძალზე მნიშვნელოვანია“.

„უსაფრთხო“ ქვეყნებიდან თავშესაფრის შესახებ განაცხადები, სავარაუდოდ, დაკმაყოფილებული არ იქნება - იუწყება ევროკომისია. ამასთანავე, ევროპული კომისია იუწყება, რომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების ყველა მოქალაქეს უსაფრთხოების გარანტიები მიეცა და თავშესაფრის შესახებ, ყველა განაცხადის განხილვა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს.

ევროკომისიის ეს ინიციატივა ორგანიზაციამ EuroMed Rights-მა გააკრიტიკა. უფლებადამცველებმა ეგვიპტეს, მაროკოს და ტუნისს უწოდეს ქვეყნები, სადაც დოკუმენტის დონეზე არის დადასტურებული ადამიანის უფლებების დარღვევა და მათი შეყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში არის სახიფათო და მან შეცდომაში, შეიძლება, შეგვიყვანოს.

მანამდე, ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომელიც იმ პირთა დეპორტაციას ითვალისწინებს, ვისაც ევროკავშირმა თავშესაფრის მიღებაზე უარი უთხრა. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიგრანტების დეპორტაციის გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარება უნდა მოახდინონ, რაც ამ პროცესს გაამარტივებს.