ევროკავშირი ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინადადებით გამოვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური აპირებს, რომ მომავალ კვირას ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინადადებით გამოვიდეს. საქმე ღაზას სექტორში ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირის საგარეო უწყების წინადადება ისრაელთან ასოცირების ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებას ითვალისწინებს, ასევე, საუბრობენ ისრაელისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებაზე.
განიხილება ცალკეული პირებისთვის სანქციების დაწესებაც, ასევე, სავაჭრო შეზღუდვა ევროკავშირსა და ისრაელს შორის. შესაძლოა, ევროკავშირმა ისრაელთან მეცნიერების სფეროში თანამშრომლობაც შეაჩეროს.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხებზე ევროპის ლიდერებმა არაერთხელ იმსჯელეს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის საგარეო უწყებათა სამსახური ისრაელის წინააღმდეგ სანქციებს ოფიციალურად წარადგენს.
როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ თემაზე 15 ივლისს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.