Loading data...
ევროკავშირი და ავსტრალია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე შეთანხმდნენ

ევროკავშირმა და ავსტრალიამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობა დაასრულე. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ განაცხადეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ, რომელზეც მუშაობა 2018 წლიდან მიმდინარეობს, სავაჭრო ბარიერების, მაგ. საბაჟო ტარიფების, მოხსნას ითვალისწინებს.

„დღეს ჩვენ ვეუბნებით მთელ მსოფლიოს, სადაც დიდი ქვეყნები ტარიფებს იყენებენ, როგორც ზეწოლის ბერკეტს, რომ ღია ვაჭრობას, რომელიც წესებზეა დამყარებული, პოზიტიური შედეგები მოაქვს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ალბანეზემ ამ შეთანხმებას ავსტრალიისთვის მნიშვნელოვანი მომენტი უწოდა.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საექსპორტო საქონელზე 99%-ზე მეტი სხვადასხვა გადასახადის გაუქმებას ითვალისწინებს. ბრიუსელის ცნობით, ევროპულ ბიზნესს ეს 1 წელიწადში 1 მლრდ ევროს ეკონომიას მოუტანს. ავსტრალია, თავის მხრივ, ევროპას კრიტიკულად მნიშვნელოვან ნედლეულს მიაწვდის და მათ იმპორტზე გადასახადს შეამცირებს.

ევროკომისიის ცნობით, ყველაზე მეტად მოგებულები იქნებიან მანქანათმშენებლობის, ქიმიური მრეწველობის დარგების და ავტომობილების მწარმოებლები, ასევე სოფლის მეურნეობის სფერო. ევროკავშირიდან ავსტრალიაში ექსპორტი მომდევნო 10 წლის განმავლობაში 33%-ით უნდა გაიზარდოს, ავსტრალიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა მას პირველ წელს 6 მლრდ ევროს მოუტანს.

სავაჭრო შეთანხმება ჯერჯერობით ძალაში არ შესულა, მას მხარი უნდა დაუჭირონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროპარლამენტმა, ასევე ავსტრალიის პარლამენტმა. ამის შემდეგ შეთანხმების საბოლოო ხელმოწერა მოხდება.

სავაჭრო შეთანხმების გარდა, ბრიუსელმა და კანბერამ თავდაცვითი შეთანხმების ხელმოწერის შესახებაც განაცხადეს. ის ითვალისწინებს თანამშრომლობას თავდაცვითი მრეწველობის, კიბერუსაფრთხოების, ტერორიზმთან ბრძოლის სფეროებში და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ერთობლივ ბრძოლის გულისხმობს.