„ევროკავშირი ჩინეთის მიმართ საკუთარ დიპლომატიას განახორციელებს“ - მაკრონი პეკინისთვის ტარიფების დაწესების შესახებ ტრამპის მოთხოვნას გამოეხმაურა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნაზე საუბრისას პეკინის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა დაიცვა.
CBS News-თან ინტერვიუში კითხვას, გააძლიერებს თუ არა ევროკავშირი ზეწოლას ჩინეთზე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის კონტექსტში, მაკრონმა უპასუხა: „ჩვენ ჩინეთის მიმართ საკუთარ დიპლომატიას განვახორციელებთ“.
მისი თქმით, ევროკავშირი ჩინეთთან ურთიერთობებში რისკების შემცირების სტრატეგიას მისდევს და არა დისტანცირებას.
„მოდით, ყურადღება გავამახვილოთ მეორად სანქციებზე, თუ მათ აზრი აქვს. ვფიქრობ, სერიოზული დიალოგი უნდა დავიწყოთ იმის დასადგენად, თუ სად და რა მოცულობით იღებს რუსეთი დახმარებას მესამე ქვეყნებისგან და გავაძლიეროთ ზეწოლა“, - განმარტა მან.
„ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა სწორია, მაგრამ ის უნდა იყოს მიზანმიმართული და პირდაპირ კავშირში რუსეთთან“, - დასძინა მაკრონმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ევროპა სანქციებს დაუწესებს ჩინეთს, რომელიც რუსეთიდან ნავთობს ყიდულობს, პეკინი ზეწოლას მოახდენს მოსკოვზე, რათა იგი აიძულოს, უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს.