Loading data...
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია აშშ-ის კონგრესის არჩევნებზე არ მიიწვიეს

აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე, რომელიც 2026 წლის 3 ნოემბერს ჩატარდება, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია არ მიიწვიეს. ამის გამო დემოკრატიული ინსტიტუტების ბიურო და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სინანულს გამოხატავენ. ინფორმაციას odihr.osce.org ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება ვალდებულებებს, რაც 1990 წელს კოპენჰაგენში ხელმოწერილი დოკუმენტის ფარგლებში ეუთოს წევრებმა საკუთარ თავზე აიღეს. იქ აღნიშნულია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა საარჩევნო პროცესს აუმჯობესებს. შესაბამისად შეთანხმების წევრი ქვეყნები ვალდებულები არიან, რომ არჩევნებზე სხვა წევრი ქვეყნებიდან, ასევე, შესაბამისი დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან დამკვირვებლები მიიწვიონ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2002 წლიდან ეუთო აშშ-ის 12 ფედერალურ არჩევნებს აკვირდებოდა, მათ შორის იყო 6 შუალედური არჩევნები და ავითარებდა კონსტრუქციულ თანამშრომლობას ფედერალურ შტატებთან და ადგილობრივ ხელისუფლებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ მზად არის აშშ-სთან თანამშრომლობა გააგრძელოს, მათ შორის ადრე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მხარდაჭერის მიმართულებით და იმედს იტოვებს, რომ მომავალ ფედერალურ არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა მიეცემა.