Loading data...
ეუთო აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად კიევს „ინსტრუმენტები“ წარუდგინა

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ უკრაინაში ვიზიტი დაასრულეს, რომლის დროსაც მათ წარმოადგინეს ის „ინსტრუმენტები“, რომელთა შეთავაზებაც ორგანიზაციას უკრაინაში პოტენციური მშვიდობის მხარდასაჭერად შეუძლია. ამის შესახებ უკრაინული მედია ორგანიზაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. 

კასისი და სინირლიოღლუ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდნენ.

შეხვედრების დროს მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეუთოს მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიმართ.

„მათ ხაზი გაუსვეს ორგანიზაციის მზადყოფნას, იმოქმედოს ყველგან, სადაც საერთაშორისო ჩარევა იქნება საჭირო, რთულ კონფლიქტურ სიტუაციებში ეუთოს მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე“, - განაცხადა პრესსამსახურმა.

კასისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთოს პრიორიტეტი ომის დასრულებისკენ მიმართული მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის მხარდაჭერაა.

„ეუთო მზად უნდა იყოს, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მისცემს, ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს და მხარი დაუჭიროს სამშვიდობო შეთანხმების განხორციელებას. ეს ვიზიტი იყო შესაძლებლობა, ნათლად წარმოედგინა ის კონკრეტული ინსტრუმენტები, რომელთა შეთავაზებაც ეუთოს შეუძლია ასეთი პროცესისთვის“, - აღნიშნა კასისმა.

სინირლიოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთო მზადაა, იმოქმედოს, თუ ამას მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მოითხოვენ.

„ეუთოს აქვს ინსტრუმენტები, გამოცდილება და ცოდნა, რათა ეფექტურად შეუწყოს ხელი უკრაინაში სტაბილურობას, თუ ამას სთხოვენ. ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ მზადყოფნის მაღალ დონეს, რათა გავუწიოთ მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში“, - განაცხადა სინირლიოღლუმ.