Loading data...
Euractiv: მაკრონი ევროკავშირს სთხოვს, გაააქტიუროს იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი, ევროკავშირის სავაჭრო „ბაზუკა“, თუ აშშ-ის მხრიდან გრენლანდიის საკითხის გამო ახალი ტარიფები დაწესდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირს მოუწოდებს, გაააქტიუროს თავისი იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი, იგივე ევროკავშირის სავაჭრო „ბაზუკა“ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის მხრიდან გრენლანდიის საკითხის გამო ახალი ტარიფები დაწესდება. იტყობინება Euractiv-ი.

მსგავსი გზავნილი გამოქვეყნდა კვირას შუადღისას ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც ევროპარლამენტში ცენტრისტული ფრაქციის „განახლების“ ლიდერმა ვალერი ჰაიერმა გაავრცელა.

„ევროკავშირის ანტიიძულებითი ინსტრუმენტი აქტიურად უნდა მომზადდეს, რადგან ის სპეციალურად ამ ხასიათის ეკონომიკურ ზეწოლაზე რეაგირებისთვის შეიქმნა“, - ნათქვამია წერილში.

გერმანელი ევროპარლამენტარი, ბერნდ ლანგე კი მიიჩნევს, რომ აშშ ვაჭრობას „პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად“ იყენებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის ანტიიძულებითი ინსტრუმენტი სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის შეიქმნა.

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნების ელჩები შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი ნაბიჯების განსახილველად შეიკრიბებიან.

ევროკავშირის სავაჭრო „ბაზუკა“ ძალაში 2023 წელს შევიდა, მაგრამ არასდროს გამოუყენებიათ. ეს ბრიუსელის ყველაზე ძლიერი სავაჭრო იარაღია, რადგან ის კომისიას საშუალებას აძლევს, სანქციები დააწესოს არა მხოლოდ საქონელზე, არამედ მომსახურებაზეც. ეს ინსტრუმენტი ითვალისწინებს ფართო კონტრზომებს, მათ შორის ინვესტიციების შეზღუდვას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაუქმებას, კომპანიების ლიცენზიების შეჩერებას და ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებზე წვდომის აკრძალვას. მისი გააქტიურებისთვის საჭიროა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა – ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 15-ის, რაც ევროკავშირის მოსახლეობის, სულ მცირე, 65%-ს წარმოადგენს.