ე.წ. ინდური ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აზიის აეროპორტებში სკრინინგი მკაცრდება - Reuters
„ნიპაჰის“ ანუ ე.წ. ინდური ვირუსის თავიდან აცილების მიზნით, აზიაში აეროპორტებმა მგზავრთა შემოწმება გაამკაცრეს მას შემდეგ, რაც ინდოეთში ორი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსს მაღალი აქვს სიკვდილიანობის რისკი, ინდოეთი ინფიცირებულებთან დაკავშირებულ ყველა კონტაქტს იკვლევს. მედიაში გავრცელებული ცნობით, ჯერჯერობით, ტესტების პასუხები უარყოფითია.
როგორც ჩანს, პრევენციას მიმართა სინგაპურის აეროპორტმაც, რომელიც ზოგიერთ რეისზე მკაცრად ამოწმებს მგზავრთა ტემპერატურას. სასაზღვრო ჯანდაცვის ზომებს ამკაცრებს ჰონკონგის, ტაილანდის, მალაიზიის და ნეპალის აეროპორტებიც.
ცნობისთვის, „ნიპაჰის“ ვირუსის გადაცემის გზა განსხვავებულია, ვიდრე კორონას ან გრიპის. არ გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, მას სჭირდება ძალიან ახლო კონტაქტი სხეულის გამონაყოფთან ან დაინფიცირებული საკვების მიღება.