Loading data...
ეთიოპიაში აფრიკის უდიდესი ჰიდროელექტროსადგური ამოქმედდა

ეთიოპიაში აფრიკის უდიდესი ჰიდროელექტროსადგური, „აღორძინება“ ამოქმედდა. მისი გახსნის ცერემონიაში ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აბი აჰმედი, ასევე სომალის, ჯიბუტის და კენიის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 5 მლრდ დოლარი დაჯდა. ის ცისფერ ნილოსზე, სუდანის საზღვრის მახლობლად აშენდა. ამჟამად ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე 5150 მეგავატს შეადგენს. ამ მონაცემებით „აღორძინება“ მსოფლიოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურების ოცეულში შედის.

კაშხალი მთლიანად უზრუნველყოფს ელექტროენერგიით ეთიოპიის 120-მილიონიან მოსახლეობას, ასევე ჭარბი დენის ექსპორტი მოხდება. კაშხლის აგების 14-წლიანი პროექტის დასრულებას ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა ისტორიული მიღწევა უწოდა, ხოლო ჰიდროელექტროსადგურს - საერთო შესაძლებლობები მთელი აფრიკისთვის.

ეგვიპტე და სუდანი შიშობდნენ, რომ ჰეს-ის მშენებლობა ამ ქვეყნებში წყლის ნაკლებობას გამოიწვევს. ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათაჰ ას-სისიმ განაცხადა, რომ კაირო ყველა აუცილებელ ზომებს მიიღებს საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

ეგვიპტე, რომლის მოსახლეობა 108 მილიონია, მტკნარი წყლის 90%-ს ნილოსიდან იღებს.

ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ კაშხალი „სუდანელ და ეგვიპტელ ძმებს“ არანაირ ზიანს არ მიაყენებს და ის მთელი რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის აშენდა.