ესტონეთში თავდაცვის კომპანიის შენობის განზრახ დაწვაში სამი ლატვიელია ბრალდებული
ესტონეთში თავდაცვის ტექნოლოგიების კომპანია Milrem Robotics-ის შენობისთვის განზრახ ცეცხლის წაკიდების ბრალდებით 3 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული 15 აგვისტოს მოხდა და სისხლის სამართლის საქმე 16 აგვისტოს აღიძრა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (SSG) ორი ლატვიელი ბრალდებული 17 აგვისტოს დააკავა, ხოლო კიდევ ერთი - 18 აგვისტოს. ორს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მესამის საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება.
ჩხრეკის დროს, დიდი რაოდენობით სხვადასხვა მონაცემთა შესანახი მოწყობილობა ამოიღეს, ასევე, ამოიღეს ნივთები, რომლებიც, სავარაუდოდ, შენობის ცეცხლის წაკიდებისთვის გამოიყენეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს ესტონეთის ხელისუფლებასთან.