Loading data...
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ რუსეთი შემოიჭრება, ომს მის ტერიტორიაზე გადავიტანთ

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას თქმით, ნარატივი, რომ ესტონეთი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ქვეყანაა, „ყალბი ამბავია“. ამის შესახებ მან Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა

როდესაც ცაჰკნას კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ესტონეთი პოტენციური რუსული შეჭრის ერთ-ერთ პირველ სამიზნედ მიიჩნევა, მან აღიარა, რომ „ეს ძალიან ლოგიკურია“, თუ უბრალოდ რუკას დააკვირდებით.

„მაგრამ სინამდვილეში ჩვენ მნიშვნელოვნად ვზრდით ჩვენს შესაძლებლობებს. ვფიქრობ, ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ უკვე გვაქვს თავდაცვის ახალი გეგმები და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უბრალოდ არ ველოდებით. თუ რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრება, წინააღმდეგობის დაწყებით ომს რუსეთის ტერიტორიაზე გადავიტანთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამ კონტექსტში, მან შეშფოთება გამოთქვა „პოლიტიკურ ნებასთან“ დაკავშირებით. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ ევროპით, მზადაა თუ არა ევროპა, მიიღოს გადაწყვეტილება, დადგეს, გაძლიერდეს“, - აღიარა მინისტრმა.

ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ყოველგვარი გეგმის გარეშე მოლაპარაკებების წარმოებას შეცდომა უწოდა. 

„ჩვენ ევროპაში ათწლეულების განმავლობაში ვატარებთ მსგავს პოლიტიკას. და რა არის შედეგი? შედეგი კიდევ უფრო მეტი ომი, კიდევ უფრო აგრესიული რუსეთია. ამიტომ აბსოლუტურად არასწორია ახლა ევროკავშირის რომელიმე სპეციალური წარმომადგენლის ძებნა, ამ წარმომადგენლის კრემლში გაგზავნა, რადგან ის დაბრუნდება დამცირებულ მდგომარეობაში, კიდევ უფრო სუსტი და ასევე შეასუსტებს უკრაინის პოზიციას“, - განაცხადა ცაჰკნამ.