Loading data...
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თუ ორბანი დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ევროკავშირი და G7 დაზარალდებიან

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ უნგრეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების დაბლოკვა G7-ისა და ევროკავშირის ქვეყნებს აიძულებს, დაფარონ უკრაინას მრავალმილიარდიანი სესხები, რომლებიც რუსული აქტივებით იყო უზრუნველყოფილი. ამის შესახებ მან Financial Times-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა. 

ცაჰკნამ აღნიშნა, რომ თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შეასრულებს თავის მუქარას, რომ დაბლოკოს ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივება, ამან შესაძლოა, უკრაინის მრავალმილიარდიანი სესხების ფინანსური ტვირთი დააკისროს G7-სა და ევროკავშირის ქვეყნებს, რადგან ეს სესხები უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით.

„პრობლემა ის არის, რომ ეს აქტივები, რომლებიც სესხის გარანტიას იძლევა, გაქრება“, - განმარტა მან.

გაყინული აქტივების უმეტესი ნაწილი ბელგიაში დაფუძნებულ ფინანსურ შუამავალ Euroclear-ში ინახება.

„თუ სანქციები დაიბლოკება, ისინი უბრალოდ დაეცემა და ცენტრალური ბანკის აქტივები გადაეცემა რუსეთს, პუტინს ჯილდოს სახით. ამას არ დავუშვებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ევროკომისია ცდილობს შეიმუშაოს სარეზერვო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ სანქციების გახანგრძლივება ვერ მოხერხდება, მაგრამ იურიდიული ვარიანტების უმეტესობა სერიოზულ სირთულეებს აწყდება.

ცაჰკნას თქმით, ევროკავშირს სჭირდება „რაღაც სამართლებრივი ჩარჩო, ან პროცედურა“. ამიტომ ესტონეთი მხარს უჭერს G7-ის ქვეყნების მიერ რუსული აქტივების სრულ კონფისკაციას და არა მხოლოდ მათ გაყინვას.

„ეს იქნება ყველაზე მარტივი და გასაგები გამოსავალი,” - აღნიშნა მან.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, უნგრეთთან მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, რადგან ორბანი ევროკავშირის სახსრებზეა დამოკიდებული.