ესტონეთის გენშტაბი: რუსეთი ცდილობს, ყინვამდე რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავოს
ესტონეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინას მაღალი ტემპით უტევენ და ისინი ცდილობენ, ყინვებამდე რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავონ.
გენშტაბის შეფასებით, ძირითადი საბრძოლო მოქმედებები კონცენტრირებულია ვიწრო არეალში კურახოვოსა და პოკროვსკის მიმართულებით, სადაც შეტაკებების 60%-ზე მეტი მიმდინარეობს.
ამავე ცნობით, მიუხედავად მაღალი შეტევითი ზეწოლისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვა ორგანიზებული რჩება და მტერი დიდ დანაკარგებს განიცდის. თუ საომარი მოქმედებების ამჟამინდელი ტემპი გაგრძელდება, რუსეთის დანაკარგები ნოემბერში შეიძლება ოქტომბრის დანაკარგებს შეედაროს. გარდა ამისა, რუსული მხარე ცდილობს, ყინვების დაწყებამდე რაც შეიძლება მეტი ტერიტორია ხელში ჩაიგდოს.
ესტონეთის გენშტაბის შეფასებით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს შეტევითი ტემპის შენარჩუნებას. დიდი დანაკარგების შესავსებად, სამხედრო სამსახურში გაწვევის მოთხოვნები შემცირდა და ანაზღაურება გაიზარდა. B და C ჰეპატიტის დიაგნოზით დაავადებულთა დაქირავება უკვე დაშვებულია, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა დიდი რაოდენობის მოზიდვას.
„გარდა ამისა, სამხედრო სამსახურში შესვლის შესახებ ხელშეკრულების პირველადი ხელმოწერისთვის ანაზღაურება წელიწადში 5,200,000 რუბლამდე (დაახლოებით 50,000 ევრო) იქნება. პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ დიდი ალბათობით, ვინც ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, წლის ბოლომდე ვერ იცოცხლებს და გადახდები არ მოხდება“, - აღნიშნულია ესტონეთის გენშტაბის შეფასებაში.
ამასთან, რუსეთის ეკონომიკურმა სირთულეებმა, უკონტროლო ინფლაციის პირობებში, შეიძლება გამოიწვიოს რუბლის გაუფასურება უახლოეს თვეებში. ამან შეიძლება გააძლიეროს რუსეთში კორუფციისა და თაღლითობის პრობლემები.