ესტონეთის ფინანსთა მინისტრი: ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს უკრაინის დასაფინანსებლად
ესტონეთის ფინანსთა მინისტრმა იურგენ ლიგიმ ევროპის მთავრობებს მოუწოდა, ყველა ღონე იხმარონ უკრაინის დასაფინანსებლად, ზოგიერთი ქვეყნის საბიუჯეტო პრობლემების მიუხედავად. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ლიგი მიიჩნევს, რომ არ უნდა არსებობდეს ფინანსური შეზღუდვები, „თუ საკითხები ლიბერალური დემოკრატიის არსებობასა და ადამიანის სიცოცხლეს ეხება“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვლავ იმედოვნებს, რომ ევროკავშირი საბოლოოდ გამოიყენებს გაყინულ რუსულ აქტივებს.
„ამჟამად ყველაზე დიდი გამოწვევა მოკავშირეების ერთიანობის განადგურებაა და, ვფიქრობ, ამას უნდა გავუმკლავდეთ, მათ შორის ევროპის შიგნით“, - განაცხადა მან.
გარდა ამისა, ესტონეთის ფინანსთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ევროპამ უკრაინის დაფინანსება უნდა გააგრძელოს, თუ აშშ „მოკავშირეებს დაშორდება“.