ესტონეთის დაზვერვა: რუსეთი, სავარაუდოდ, ზამთარში უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმებს გააძლიერებს

მომავალ ზამთარში რუსეთი, სავარაუდოდ, გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მშვიდობიან მოსახლეობას - რუსეთს ახლა ამისთვის უფრო მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ადრე, - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ანტს კივისელგმა განაცხადა.
მისი შეფასებით, უახლოეს მომავალში საომარი მოქმედებების მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. რუსული ჯარები გააგრძელებენ ზეწოლას მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, ადგილობრივი ტაქტიკური წარმატებების მისაღწევად.
„ზოგადად, უკრაინის თავდაცვითი ხაზები მტკიცეა და არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია შეძლებს მნიშვნელოვანი გარღვევის მიღწევას მომდევნო კვირებში“, - აღნიშნა კივისელგმა.
მისი თქმით, სამხედრო წარუმატებლობით იმედგაცრუებული რუსი პროპაგანდისტები მოუწოდებენ უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმებისკენ, რათა მშვიდობიან მოსახლეობას მაქსიმალური ზიანი მიაყენონ.
„საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, ასეთი სცენარი კვლავ ძალიან სავარაუდოა. პირველ რიგში, ეს შეესაბამება უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების უკვე დამკვიდრებულ სეზონურ ტაქტიკას. მეორეც, რუსეთის შესაძლებლობები ასეთი ოპერაციების ჩასატარებლად იზრდება. ამას ადასტურებს ღრმა დარტყმებისთვის გამოყენებული შორი მოქმედების იარაღის რაოდენობის ზრდა“, - აღნიშნა სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარების ასიმეტრიული ქმედებები უკრაინის ატომური ელექტროსადგურების სტაბილური ფუნქციონირების ჩაშლის მიზნით, უკიდურესად სერიოზულ და საშიშად უნდა ჩაითვალოს.
„ამ ქმედებების მიზანია ფართომასშტაბიანი დივერსიის ორგანიზება და უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალების ყურადღების გადატანა, რომლებიც უკრაინას მხარდაჭერას უწევენ. მასშტაბური ბირთვული ავარიისა და რეგიონული რადიოაქტიური დაბინძურების შედეგების აღმოფხვრა მოითხოვს ქვეყნის ყველა შიდა რესურსის მობილიზებას და გამოიწვევს თავდაცვითი ოპერაციების შეწყვეტას. გარდა ამისა, საჭირო იქნება ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება, რომლის მიწოდებაც, რუსეთის მტრული ქმედებების გამო, დაკავშირებული იქნება უკიდურესად მაღალ უსაფრთხოების რისკთან“, - დასძინა კივისელგმა.