Loading data...
ესტონეთი მზად არის, ნატოს დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა განახორციელოს - ესტონეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი

ესტონეთი მზად არის, ნატოს დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა განახორციელოს, თუ რუსეთი ალიანსზე თავდასხმისთვის მზადების ნიშნებს გამოავლენს. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვაჰურ კარუსმა განაცხადა, იუწყება Octagon-ი.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ ესტონეთს დაავალა, რუსეთთან პოტენციური შეიარაღებული კონფლიქტისთვის მოემზადოს.

„დღეს ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი სრულად არის გათვალისწინებული ნატოს გეგმებში, ალიანსი გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა მივხედოთ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე გარკვეულ სამიზნეებს. სწორედ მაშინ შეძლებენ ისინი [ნატო] ესტონეთში ჩამოსვლას და შემდეგი ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა კარუსმა.

მისი თქმით, ესტონეთის უნარი, „მტერი საკუთარ ტერიტორიაზე გაანეიტრალოს, გადამწყვეტია“.

„ჩვენ უნდა შევძლოთ მტრის განადგურება, თუ ის თავს დაესხმება ესტონეთს, საკუთარ ტერიტორიაზე, სადაც განლაგებულია ჯარები, რომლებიც შეტევას აპირებენ“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.

კარუსის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებამდე მოსალოდნელი იყო, რომ ესტონეთის არმია რუსეთთან ბრძოლას დაახლოებით 10 დღის განმავლობაში შეძლებდა, ვიდრე ალიანსი ძირითად ძალებს ქვეყანაში გადაიყვანდა.