Loading data...
ესპანეთში ტყის ხანძრების გამო თითქმის 88 000 ადამიანი ევაკუირებულია, ან გადაადგილება შეზღუდული აქვს

ესპანეთში, მადრიდის გარეუბანში და დედაქალაქის დასავლეთით, ავილას პროვინციაში გაჩენილი მასშტაბური ტყის ხანძრების გამო, ბოლო მონაცემებით, თითქმის 88 000 ადამიანი ევაკუირებულია, ან გადაადგილება შეზღუდული აქვს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია El Pais-ი ავრცელებს. 

კერძოდ, მადრიდის მიმდებარე ტერიტორიიდან 35 000 ადამიანია ევაკუირებული, ხოლო 20 000-ს გადაადგილება შეეზღუდა. საჭირო გახდა სენისიენტოსის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა ევაკუაციაც, სადაც ამ დრომდე სამაშველო სამსახურების მოწინავე საკოორდინაციო პუნქტი იყო განთავსებული.

სამხედრო საგანგებო რეაგირების დანაყოფი ხანძრების ჩასაქრობად ერთიან სარდლობას ქმნის.

დედაქალაქის რეგიონის მცხოვრებლებს ხანძრის მიმდებარე ტერიტორიებზე ურჩიეს, ჰაერის ცუდი ხარისხის გამო, სახლში დარჩნენ, ან FFP2 რესპირატორები ატარონ. მადრიდი ნაცრისფერი კვამლითაა დაფარული.

ესპანეთის ოფიციალური პირები ხანძარს რეგიონის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურს უწოდებენ.