ესპანეთში მოზარდმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თანაკლასელების ინტიმური ფოტოები შექმნა და გაავრცელა - მას გაასამართლებენ

ვალენსიაში 17 წლის ბიჭმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თანაკლასელების ინტიმური ფოტოები შექმნა და გაავრცელა. მიმდინარეობს გამოძიება.
სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, მოზარდმა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოების ონლაინ გაყიდვაც სცადა, - იტყობინება The Guardian-ი.
როგორც მედიასაშუალება წერს, საქმის გამოძიება 2024 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა თავისი სახელით ყალბი სოციალური მედიის ანგარიშის და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოს შესახებ.
„ამ ანგარიშზე რამდენიმე არასრულწლოვნის ფოტოები იყო განთავსებული, რომლებზეც ისინი სრულიად შიშვლები იყვნენ გამოსახულნი. გოგონამ მოგვიანებით აღმოაჩინა კიდევ ერთი მსგავსი ანგარიში, ასევე ვებსაიტი, რომელიც რეკლამის სახით იყო განთავსებული.
სკოლის სულ 15-მა მოსწავლემ შეიტანა მსგავსი საჩივარი“, - წერს მედიასაშუალება.
პოლიციამ შეამოწმა პოსტები, დაუკავშირდა ჰოსტინგ კომპანიებს და დაადგინა, რომ ანგარიშები ერთი და იგივე IP მისამართიდან იყო შექმნილი. ამან მათ საშუალება მისცა, ეპოვათ 17 წლის ბიჭი, რომელიც მსხვერპლი გოგონების თანაკლასელი იყო.
აღმოჩნდა, რომ მან ხელოვნური ინტელექტის პროგრამები გამოიყენა ფოტოების შესაცვლელად და ყალბი ანგარიშების გასავრცელებლად.
17 წლის ბიჭი დააკავეს.
საქმე ვალენსიის არასრულწლოვანთა სასამართლოში განიხილება.