ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: წელს უკრაინის მხარდასაჭერად მილიარდ ევროს გამოვყოფთ
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მიერ უკრაინისთვის წელს გამოყოფილი დახმარება დაახლოებით ერთ მილიარდ ევროს შეადგენს. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას El Pais-ი ციტირებს.
ალბარესის თქმით, ეს თანხა მოიცავს როგორც აშშ-ის მიერ უკრაინისთვის PURL პროგრამის ფარგლებში შეძენილი იარაღის ხარჯებს, ასევე სხვა აღჭურვილობის, მაგალითად, გენერატორების ხარჯებს, რათა ზამთრის წინ რუსეთის თავდასხმების გავლენა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შემცირდეს.
„ესპანეთს უკრაინის სუვერენიტეტისა და თავდაცვის მიმართ გრძელვადიანი ვალდებულება აქვს აღებული და მას იქამდე დაიცავს, ვიდრე ომი გაგრძელდება“, - აღნიშნა მან.
როდესაც ამ ვალდებულების მასშტაბის შესახებ ჰკითხეს, მინისტრმა უპასუხა, რომ გასულ წელს ესპანეთმა უკრაინას სამხედრო ტექნიკის შესაძენად 1 მილიარდი ევრო გამოუყო და წელსაც „მსგავსი რამ“ არის მოსალოდნელი.
მან ასევე აღნიშნა, რომ იარაღისთვის ამ თანხების გარდა, ესპანეთი სხვა სახის დახმარებასაც უზრუნველყოფს. კერძოდ, ალბარესმა გაიხსენა, რომ ესპანეთმა 250 000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, მათ შორის 40 000 ბავშვი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესპანეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ასევე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც აგრესიის დანაშაულში პასუხისმგებელი რუსი მაღალჩინოსნების გასამართლებას ისახავს მიზნად.
მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ მემარცხენე პარტია „სუმარი“, რომელიც, ტრადიციულად, სამხედრო ხარჯებს ეწინააღმდეგება, კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევის წინააღმდეგი არ იქნება.
„მთელი მთავრობა გაერთიანებულია უკრაინასა და ევროპაში მშვიდობის სურვილით და მთელი მთავრობა ხვდება, რომ უკრაინაში ბევრი რამ დევს სასწორზე: მისი სუვერენიტეტი და თავისუფლება, ასევე, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 18 ნოემბერს ესპანეთს ეწვევა.