Loading data...
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე სასამართლოში დაიბარეს, რათა კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში პასპორტი ჩამოართვან

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის მეუღლე ბეგონია გომესი სასამართლოში დაიბარეს, რათა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პასპორტი ჩამოართვან. ინფორმაციას El Pais-ი ავრცელებს. 

ესპანური მედია წერს, რომ დოკუმენტის თანახმად, მოსამართლე ხუან კარლოს პეინადომ ბეგონია გომესი სასამართლოში 24 ივნისს, საღამოს 6:00 საათზე დაიბარა, რათა მას პასპორტის ჩაბარება მოსთხოვოს.

გარდა ამისა, სანჩესის მეუღლეს მოეთხოვება თქვას, ფლობს თუ არა არა სხვა პასპორტებს, მათ შორის დიპლომატიურ პასპორტს ან სხვა ქვეყნის მოქალაქის პასპორტს. 

ინფორმაციისთვის, ორწლიანი გამოძიების შემდეგ, 2026 წლის აპრილში ბეგონია გომესს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. მას ედავებიან სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, კორუფციას, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო გავლენის გამოყენებას.

გამოძიების თანახმად, სპეციალურად მისთვის შეიქმნა თანამდებობა მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში. აღნიშნული პოზიცია პირადი ინტერესებისთვის გამოიყენებოდა.

საქმე ეხება კათედრას სახელწოდებით „კონკურენტუნარიანი სოციალური ტრანსფორმაცია“.

ექსპერტების აზრით, ასეთი სტრუქტურის იდეა ბუნდოვანი შინაარსის გამო თავიდანვე კითხვებს აჩენდა, ხოლო მისი შექმნისთვის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

გამოძიების დაწყების შემდეგ კათედრა დაიხურა, რადგან აღიარეს, რომ მას არც სამეცნიერო და არც პრაქტიკული ღირებულება არ გააჩნია.

გომესი და პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.