Loading data...
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის „მარჯვენა ხელი“ კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს - The Guardian

პედრო სანჩესის მარჯვენა ხელად წოდებული სანტოს სერდანი ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. როგორც აღმოჩნდა, მისმა კორუფციულმა საქმიანობამ ხელი შეუწყო, ქვეყანაში ახალი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას. ინფორმაციაზე The Guardian წერს. 

სანტოს სერდანი ივნისის დასაწყისში თანამდებობიდან გადადგა. ის მანამდე PSOE-ს ორგანიზაციული მდივნის თანამდებობას იკავებდა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მთავარ საყრდენ ძალას წარმოადგენდა. თანამდებობის დატოვება კი მას შემდეგ მოუწია, რაც მოსამართლემ სახელმწიფო მშენებლობებთან დაკავშირებულ საკითხებში ქრთამის აღების ფაქტები მოიძია და ამ საქმეში, სერდანის ბრალეულობა გამოიკვეთა. 

ორშაბათს, 30 ივნისს ბრალდებული უზენაეს სასამართლოში გამოცხადდა. მან მექრთამეობის, გავლენის და თანამდებობის უკანონოდ გამოყენებისა, ასევე, კრიმინალურ გაერთიანებებში თანამონაწილეობის ფაქტები უარყო, თუმცა მოსამართლემ მისი ჩვენება არ გაითვალისწინა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი 2018 წელს გახდა. დღეს მისი ოჯახის წინააღმდეგ გამოძიება კორუფციის ბრალდებით მიმდინარეობს. 

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სერდანისთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გამოაცხადა, პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ „ჩვენ მტკიცედ ვიმოქმედეთ და ახლა, ბატონი სერდანის პასუხისმგებლობის დადგენა სასამართლო ორგანოების მოვალეობაა“.

მიუხედავად ამისა, მოსახლეობაში პრემიერის წინააღმდეგ და ახალი არჩევნების მოთხოვნის მიზნით პროტესტი განახლდა.