ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ტყის ხანძრებზე: ეს კლიმატური კრიზისის შედეგია
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ევროპაში ტყის მასშტაბური ხანძრების ფონზე განაცხადა, რომ ესპანეთი და პირენეის ნახევარკუნძული კლიმატური კრიზისის შედეგებს განიცდის. ესპანეთის მთავრობის მეთაურის განცხადებას The Guardian-ი ციტირებს.
ესპანეთში, მადრიდის დასავლეთით გაჩენილი ხანძრები კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სანჩესმა 26 ივლისს „რთულ საათებზე“ ისაუბრა.
„წინ რთული საათები გველის, თუმცა, მართლაც, უახლესი მონაცემები მიუთითებს, რომ გასული ღამე ხანძრის განვითარებისა და მისი ლოკალიზების თვალსაზრისით ძალიან პოზიტიური იყო“, - ხაზგასმით აღნიშნა სანჩესმა.
მადრიდის დასავლეთით მდებარე სახანძრო-სამაშველო სამმართველოში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ესპანეთი და პორტუგალია კლიმატური კრიზისის სხვადასხვა ზეგავლენას განიცდიან, ხანძრებიდან და შტორმებიდან დაწყებული ძლიერი თოვლით დამთავრებული.
„მთელი იბერიის ნახევარკუნძული კლიმატური კრიზისის შედეგებს ძალიან სპეციფიკური გზით განიცდის“, - დასძინა მან.