Loading data...
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში ათასობით მიგრანტის მასობრივი შემოსვლა ესპანეთის სუვერენიტეტის დარღვევაა

სეუტაში ათასობით მიგრანტის მასობრივი შემოსვლა ესპანეთის სუვერენიტეტის დარღვევაა“, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა

პრემიერმა ვითარება მოულოდნელ თავდასხმად შეაფასა და განაცხადა, რომ გუშინ მომხდარი უმკაცრესად დაიგმება.

„გუშინ მომხდარი არის თავდასხმა, ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. სეუტა ესპანეთის ქალაქია და გუშინ მომხდარი უმკაცრესად უნდა დაიგმოს“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.

მისი თქმით, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ადრე დაადგინა, რომ ადამიანი სეუტის ტერიტორიაზე ზღვით თუ შევა, მისი დაუყოვნებლივ უკან გაძევება კანონიერი არ არის, ადამიანების უკანონოდ გადამყვანმა დანაშაულებრივმა ქსელებმა კი ეს გადაწყვეტილება თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს და მიგრანტები დაარწმუნეს, წყალში შესულიყვნენ.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება დააჩქარებს უკანონოდ შემოსული მიგრანტების საქმეების განხილვასა და მათ რეპატრიაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს.

„როგორც ხედავთ, ამ მიგრანტებიდან ბევრი უკვე ტოვებს ტერიტორიას“,- აღნიშნა სანჩესმა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მაროკოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია, რათა რეპატრიაციები რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს და უკანონოდ შემოსულმა მიგრანტებმა ტერიტორია დატოვონ.

ესპანეთის პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებამ საკითხის მართვას სისტემურად უნდა შეხედოს და საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაც განიხილოს.

„შესაძლოა საჭირო იყოს კანონის გარკვეული დებულებების შეცვლა, რათა საზღვარზე დაბრუნების პროცედურები მაქსიმალურად ეფექტიანად განხორციელდეს“, - აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.