ესპანეთი რუსული ნავთობის გადამზიდავ ტანკერს სანქციებისგან თავის დაღწევაში დაეხმარა - Reuters
ნავთობტანკერი, რომელიც რუსული ნავთობის ტრანსპორტირების გამო ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, ესპანეთის სანაპიროსთან ზღვაში დაზიანდა, რის შემდგომაც დაკავების გარეშე მაროკოს პორტში გადაიყვანეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ნავთობტანკერი Chariot Tide, რომელიც რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობის გამო ევროკავშირის სანქციების სიაშია, ესპანურმა სამაშველო გემმა მაროკოს პორტში გადაიყვანა, მის დასაკავებლად რაიმე ზომების მიღების გარეშე. ამის შესახებ ესპანეთის სავაჭრო საზღვაო ადმინისტრაცია იტყობინება. ნოემბრამდე გემს Marabella Sun ერქვა და მოზამბიკის დროშის ქვეშ დაცურავდა.
Reuters-ის ცნობით, ტანკერის ძრავა 22 იანვარს გაფუჭდა, რის შემდეგაც ის ალმერიის პროვინციაში, ადრადან სამხრეთით დაახლოებით 33 მილის დაშორებით საერთაშორისო წყლებში მიცურავდა. ეს ტერიტორია ესპანეთის სამძებრო-სამაშველო ზონაშია. თუმცა ადმინისტრაციამ არ ახსნა, თუ რატომ არ დააკავეს გემი.
ინდუსტრიის ანალიტიკოსების შეფასებით, ამჟამად მსოფლიოში 1200-დან 1600-მდე ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი მოძრაობს. ეს გემები გამოიყენება დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისა და ნავთობის ექსპორტისთვის, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთში.
როგორც წესი, ეს არის ძველი გემები გაუმჭვირვალე საკუთრების სტრუქტურებით და პირველი დონის დაზღვევის არარსებობით.
მანამდე ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვის ქვეყნებმა ერთობლივი გაფრთხილება გაავრცელეს იმ გემების მხრიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ, რომლებიც აყალბებენ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, თიშავენ თვალთვალის სისტემებს და იცვლიან დროშებს სანქციების კონტროლის თავიდან ასაცილებლად.
მაროკო, აშშ-ის მოკავშირე, ასევე ინარჩუნებს სამუშაო ურთიერთობებს რუსეთთან. ოქტომბერში ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც რუსულ გემებს მაროკოს ატლანტიკურ წყლებში თევზაობის უფლებას აძლევს.