Loading data...
ესპანეთი 2027 წლისთვის ბარებისა და რესტორნების ტერასებზე თამბაქოს მოხმარების სრულად აკრძალვას გეგმავს

ესპანეთის მთავრობას 2027 წლისთვის ბარებისა და რესტორნების ტერასებზე თამბაქოს სრულად მოხმარების აკრძალვა სურს. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის მონიკა გარსიას განცხადებას EFE ციტირებს.

გარსიამ ახსენა კანონის რეფორმა, რომელიც აკრძალავს თამბაქოს და ელექტრონული სიგარეტის მოხმარებას ტერასებზე და გააფართოებს მოწევისგან თავისუფალ ზონებს.

მან ხაზი გაუსვა რეფორმებისა და ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი კონსენსუსის მნიშვნელობას, რადგან, მისივე განცხადებით, „ესპანეთი არის ქვეყანა, რომელიც წინ მიიწევს და კვლავ ხდება ლიდერი თამბაქოსა და მოწევასთან ბრძოლაში“.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მწეველებსა და არამწეველებს შორის არსებობს კონსენსუსი ტერასებზე მოწევასთან დაკავშირებით. ორივე ჯგუფი თანხმდება, რომ ის უნდა აიკრძალოს. 

როგორც ცნობილია, საფრანგეთში 29 ივნისიდან პლაჟებზე, პარკებში, საზოგადოებრივ ბაღებსა და ავტობუსის გაჩერებებზე თამბაქოს მოხმარება აიკრძალა.