„ესკალაციის ნაცვლად დიპლომატიის დროა“ - გუტერეშის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, განახლდება
გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, განახლდება.
კითხვაზე, თუ რა იცოდა გაერომ ასეთი პერსპექტივების შესახებ, ანტონიო გუტერეშმა უპასუხა: „ჩვენი ინფორმაციით, ძალიან დიდია ალბათობაა იმისა, რომ ეს მოლაპარაკებები განახლდება“.
მისი თქმით, ის დღეს პაკისტანის ვიცე-პრემიერს შეხვდა და შეაქო პაკისტანის სამშვიდობო ძალისხმევა.
„ვფიქრობ, არარეალური იქნება იმის მოლოდინი, რომ ასეთი რთული, ხანგრძლივი პრობლემა მოლაპარაკების პირველივე რაუნდზე მოგვარდეს. მოლაპარაკებები უნდა განახლდეს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს და საჭიროებისამებრ გაგრძელდეს. საერთაშორისო სანავიგაციო უფლებები და თავისუფლება, მათ შორის ჰორმუზის სრუტეში, დაცული უნდა იყოს ყველა მხარის მიერ. თავშეკავებისა და პასუხისმგებლობის დროა. ესკალაციის ნაცვლად დიპლომატიის დროა“, - აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი.