„ეს უადგილო იქნებოდა“ - ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ პუტინის რეზიდენციაზე განხორციელებულ დარტყმებს
ნატოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ „ჯერჯერობით გაურკვეველია“, რეალურად შეუტია თუ არა უკრაინამ კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ვალდაიში მდებარე რეზიდენციას. ეს განცხადება მან Fox Business-ის ეთერში გააკეთა.
„ცოტა უადგილოდ მეჩვენება სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ყოფნა - უკრაინას ნამდვილად სურს სამშვიდობო შეთანხმების დადება - და შემდეგ ისეთი რამის გაკეთება, რაც შეიძლება უგუნურად, ან არაკონსტრუქციულად ჩაითვალოს“, - აღნიშნა უიტაკერმა.
ნატოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაიხსენა, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა ეჭვი, რომ უკრაინამ რეალურად შეუტია პუტინის რეზიდენციას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს ასეთი ნაბიჯი ზედმეტად პროვოკაციული იქნებოდა.
უიტაკერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა არ შეწყვიტა უკრაინაზე თავდასხმები, ომის დასრულებისკენ მიმართული ყველა დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად. მან დასძინა, რომ უკრაინის დედაქალაქი ყოველ ღამეს დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს განიცდის.
„ვფიქრობ, ორივე მხარეს ომის დასრულება სურს, საქმე მხოლოდ პირობებშია - ჩვენ სულ უფრო მეტად ვაცნობიერებთ ორ მხარეს შორის არსებულ უთანხმოებას, გვესმის, რომ შეთანხმება 90-95%-ით მზადაა“, - ხაზგასმით აღნიშნა უიტაკერმა.
ნატოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ტერიტორიული საკითხები კონფლიქტის მოგვარების პროცესში კვლავაც ერთ-ერთ ყველაზე რთულ საკითხად რჩება.