„ეს ცეცხლთან თამაშია“ - ლავროვი აცხადებს, რომ ირანზე აშშ-ის ახალ დარტყმებს სერიოზული შედეგები მოჰყვება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის ნებისმიერ ახალ დარტყმას ირანზე სერიოზული შედეგები მოჰყვება. მან ვაშინგტონს თავშეკავებისკენ მოუწოდა, რათა მოიძებნოს გამოსავალი და ირანმა მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის განხორციელება შეძლოს.
„შედეგები კარგი არ არის. უკვე განხორციელდა დარტყმები ირანის ბირთვულ ობიექტებზე, რომლებიც საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს კონტროლის ქვეშაა. ჩვენი შეფასებით, ბირთვული ინციდენტის რეალური რისკები არსებობდა“, - განაცხადა ლავროვმა საუდის არაბეთის ტელეარხ Al-Arabiya-სთან ინტერვიუში.
„ყურადღებით ვაკვირდები რეგიონში არაბული ქვეყნებისა და სპარსეთის ყურის მონარქების რეაქციებს. არავის სურს დაძაბულობის ზრდა. ყველას ესმის, რომ ეს ცეცხლთან თამაშია“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, დაძაბულობის გამწვავებამ შესაძლოა, ბოლო წლებში მიღწეული დადებითი ნაბიჯები წაშალოს, მათ შორის ირანსა და მეზობელ ქვეყნებს, განსაკუთრებით საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება.
ლავროვმა განაცხადა, რომ არაბული ქვეყნები ვაშინგტონს უგზავნიან სიგნალებს და „მკაფიოდ მოუწოდებენ თავშეკავებისკენ და ისეთი შეთანხმების ძიებისკენ, რომელიც არ დაარღვევს ირანის კანონიერ უფლებებს და უზრუნველყოფს, რომ ირანს ჰქონდეს წმინდად მშვიდობიანი ბირთვული გამდიდრების პროგრამა“.
მისი თქმით, რუსეთი ირანის ლიდერებთან მჭიდრო, რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებს.
„ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ, რომ ირანს გულწრფელად სურს ამ პრობლემის მოგვარება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების დაცვის საფუძველზე“, - დასძინა ლავროვმა.