Loading data...
„ეს სისულელეა“ - ტრამპმა კელოგს „იდიოტი“ უწოდა უკრაინის საკითხზე ცხარე კამათის დროს - NYT

უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში შიდა კონფლიქტის ცენტრში აღმოჩნდა, კიევის მიმართ პოლიტიკასთან დაკავშირებული მკვეთრი უთანხმოების ფონზე, - ნათქვამია The New York Times-ის გამოძიებაში.

როგორც მედია წერს, 14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დროს, კელოგი შეხვდა ევროპელ და უკრაინელ ლიდერებს, რომლებმაც შეშფოთება გამოთქვეს ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით.

„ჩვენ კვლავ გვაქვს ალიანსი?“ - იკითხა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა რადოსლავ სიკორსკიმ.

კელოგი ცდილობდა მოკავშირეების დამშვიდებას და საკუთარ თავს აშშ-ის ადმინისტრაციაში მათ „საუკეთესო მეგობარს“ უწოდებდა. იმავდროულად, თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის მხარდამჭერები ვაშინგტონში გაგზავნილ კერძო შეტყობინებებში მას ბრალს სდებდნენ იმაში, რომ ის თეთრ სახლში „იზოლაციონისტების წინააღმდეგ ხაზს ინარჩუნებს“, რამაც მხოლოდ განამტკიცა მისი, როგორც „აუტსაიდერის“ რეპუტაცია.

სიტუაცია, ასევე, გაამწვავა Fox News-ის რეპორტაჟმა, რომელშიც კელოგის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკის დახასიათება - როგორც „ომში მყოფი ერის შეუპოვარი და მამაცი ლიდერისა“ - შეადარეს თავად ტრამპის განცხადებებს, რომელმაც მანამდე ზელენსკის „არჩევნების გარეშე დარჩენილი დიქტატორი“ უწოდა.

ოვალურ კაბინეტში შემდგომი შეხვედრის დროს ტრამპმა მკვეთრად რეაგირება მოახდინა თავისი წარმომადგენლის პოზიციაზე.

„თქვენ ზელენსკის მამაცს უწოდებთ?“ - იკითხა პრეზიდენტმა.

„დიახ, ბატონო. ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა მისი ერის გადარჩენისთვის. როდის იყო ბოლოს ამერიკის პრეზიდენტი ასეთი რამის წინაშე? აბრაამ ლინკოლნის შემდეგ“, - უპასუხა კელოგმა.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, როდესაც ტრამპი ამ ეპიზოდს სხვა მრჩევლებს უყვებოდა, მან კელოგს „იდიოტი“ უწოდა.

ამის მიუხედავად, კელოგმა ღიად უარყო ტრამპის მთავარი ვარაუდი უკრაინის სისუსტისა და რუსეთის უძლეველობის შესახებ. როდესაც პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ უკრაინა მაინც დაკარგავდა ტერიტორიებს, ელჩმა უპასუხა:

„ბატონო, ეს სისულელეა. რუსები უძლეველნი არ არიან“.

ამ შეფასებას მხარი დაუჭირა გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა კეინმა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსული ძალები სუსტები და არაკომპეტენტურები არიან.

აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, პოკროვსკის დაცემის შემთხვევაშიც კი, რუსეთს დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის ასაღებად 30 თვემდე დასჭირდება, თუმცა მოგვიანებით ჩატარებული შეფასებებით ეს პერიოდი 20 თვემდე ან უფრო ნაკლებამდე შემცირდა.