„ეს კარგი არ არის“ - ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ ვლადიმერ პუტინისგან შეიტყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა რუსეთის ბრალდებას, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, თავს დაესხა რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის, ნოვგოროდის ოლქში მდებარე სახელმწიფო რეზიდენციას.
ტრამპის თქმით, პუტინმა მას პირადად უამბო „თავდასხმის“ შესახებ ბოლო საუბრის დროს.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„მე ეს არ მომწონს. ეს კარგი არ არის. დღეს დილით გავიგე ამის შესახებ. იცით ვინ მითხრა? პრეზიდენტმა პუტინმა. მან თქვა, რომ თავს დაესხნენ. ეს კარგი არ არის. ახლა დელიკატური პერიოდია. სულ სხვა რამაა მის სახლზე თავდასხმა. ეს არ არის სწორი დრო ამისთვის. ძალიან გავბრაზდი ამის გამო. ამბობთ, რომ შეიძლება თავდასხმა საერთოდ არ მომხდარა. ეს ასევე შესაძლებელია, მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა დღეს დილით მითხრა, რომ მოხდა.
ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ეს იყო ძალიან პროდუქტიული. გვაქვს რამდენიმე საკითხი, რომლებსაც ვაპირებთ, რომ მოვაგვაროთ. თუ მათ მოვაგვარებთ, მშვიდობა იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.