„ეს არის თეატრი ერთი მაყურებლისთვის - ტრამპისთვის“ - ექსპერტები პუტინის „სააღდგომო ზავზე“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში „სააღდგომო ზავი“ გამოაცხადა, რათა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თვალში უკეთ გამოჩნდეს. ასე შეაფასეს ექსპერტებმა კრემლის მმართველის ინიციატივა.
„არ ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული მინიშნებაა იმისა, რომ პუტინი მშვიდობისთვის მზად არის“, - განაცხადა ერიკ სიარამელამ, კარნეგის ფონდის უფროსმა თანამშრომელმა საერთაშორისო მშვიდობისათვის, იტყობინება The Washington Post.
„ეს აშკარად არის მანევრი, რომ ტრამპის კეთილგანწყობა შეინარჩუნოს. თუ პუტინი სერიოზული იქნებოდა, უფრო ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტას მიიღებდა, რასაც უკრაინელები უკვე დათანხმდნენ", - განაცხადა სიარამელამ.
ამავდროულად, რუსი მეცნიერი, რომელიც გამოცემას ანონიმურობის პირობით ესაუბრა, ვარაუდობს, რომ პუტინის განცხადება „სააღდგომო ზავის“ შესახებ იმ დროს გაჟღერდა, როდესაც „რუსეთის ხელმძღვანელობამ გააცნობიერა, რომ რაღაც ჟესტის გაკეთება სჭირდებოდა, რათა ბურთი მეორე მხარის მოედანზე გადაეგდო“.
„ეს არის თეატრი ერთი მაყურებლისთვის - დონალდ ტრამპისთვის“, - დასძინა მან.
როგორც გამოცემა იხსენებს, ტრამპი დაიმუქრა, რომ უკრაინაში ომის დასრულების მცდელობას შეწყვეტს, თუ მოსკოვი და კიევი უახლოეს მომავალში პროგრესს არ მიაღწევენ. აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადებიდან ზუსტად 24 საათში კი პუტინმა „სააღდგომო ზავი“ გამოაცხადა.
„ორივე მხარე ცდილობს, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ინტერესი გამოავლინოს ტრამპის სულ უფრო მოუთმენელი ადმინისტრაციის წინაშე“, - წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელი პუტინის „სააღდგომო ზავს“ ჯერჯერობით არ გამოხმაურებია, ხოლო ევროკავშირის ხელმძღვანელობა კრემლის ლიდერის წინადადებას უნდობლობას უცხადებს.
ცნობისთვის, 19 აპრილს პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში „სააღდგომო ზავი“ გამოაცხადა. მისი განკარგულებით, ის ძალაში 30 საათის განმავლობაში იქნება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის წინადადებას „ადამიანების სიცოცხლით თამაშის კიდევ ერთი მცდელობა“ უწოდა.