Loading data...
„ეს არ არის მტრული ნაბიჯი“ - მარინ ლე პენი აცხადებს, რომ საფრანგეთს არ შეუძლია, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა გააგრძელოს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ საფრანგეთს ამჟამინდელ პირობებში უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელება არ შეუძლია. ამის შესახებ მან LCI-ის ეთერში, გადაცემა „Objectif 2027“-ში განაცხადა.

ბიუჯეტის საკითხებზე საუბრისას ლე პენმა ხაზი გაუსვა „არჩევანის გაკეთების“ აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილებები ადრე მიღებული გადაწყვეტილებებისაგან განსხვავებული იქნება.

„არჩევანის გასაკეთებლად მზად ვარ“, - განაცხადა მან და მაგალითად უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაცია მოიყვანა.

მისი აზრით, საფრანგეთს ამჟამინდელ პირობებში არ შეუძლია უკრაინის ფინანსური დახმარება გააგრძელოს.

„ეს არ არის მტრული ნაბიჯი უკრაინის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ მათი ჯარისკაცებისა და არმიის წვრთნა, ასევე, მათი თავდაცვითი აღჭურვილობით მომარაგება, მაგრამ ფინანსურად აღარ შეგვიძლია ამის გაკეთება. საბოლოო ჯამში, ერთი მხრივ, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ პენსიების ინდექსაციისთვის არცერთი ევრო არ მოგეპოვება, ხოლო, მეორე მხრივ, მილიარდებს პოულობდე ევროპული შენატანებისათვის“, - აღნიშნა მან.

უკრაინაში ომისა და ზოგიერთი კანდიდატის მიერ კიევის საჰაერო სივრცის დასაცავად ფრანგული Rafale ავიაგამანადგურებლების გაგზავნის წინადადების შესახებ კითხვაზე ლე პენმა განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონი მართალია, როდესაც ამაზე უარს ამბობს, რადგან ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება საფრანგეთი ომში პირდაპირ ჩართულ მხარედ აქციოს. 

მან ასევე წამოაყენა წინადადება რუსეთ-უკრაინის „კონფლიქტის დასასრულებლად სამშვიდობო კონფერენციის“ ჩატარების თაობაზე.

ლე პენმა განაცხადა, რომ აპირებს მოლაპარაკებების გამართვას ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან, ასევე, მოლაპარაკებების პროცესში გერმანიის, პოლონეთისა და თურქეთის ჩართვას.

„მიმაჩნია, რომ საფრანგეთის ისტორიული როლი სწორედ იმ პირობების შექმნაში მდგომარეობს, რომლებიც გზას გაუხსნის მშვიდობისკენ მიმართულ მოლაპარაკებებს - ზუსტად ისე, როგორც ეს ვიეტნამის შემთხვევაში გავაკეთეთ“, - დაასკვნა მან.