ერმაკი: ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ მზად არის პუტინთან შესახვედრად, მაგრამ არსებობს ერთი პირობა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით ორი სატელეფონო საუბრის შემდეგ ჩავიდა. რჩება საკითხები, რომლებიც პირისპირ განხილვას საჭიროებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ორივე სატელეფონო საუბარი „ძალიან კარგი“ იყო.
„პრეზიდენტებს ერთმანეთის ესმით. მათ მაშინვე დაიწყეს ძალიან კონკრეტული საუბარი. ის ფაქტი, რომ ისინი ასე სწრაფად შეთანხმდნენ შეხვედრაზე, აჩვენებს, რომ ჩვენ მეგობრები და პარტნიორები ვართ“, - აღნიშნა ერმაკმა.
მან დასძინა, რომ ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ „ის კვლავ მზადაა პუტინთან შესახვედრად ნებისმიერ ფორმატში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“, რუსეთისა და ბელარუსის გარდა. პუტინმა არაერთხელ თქვა უარი ასეთ შეხვედრაზე.
ცნობისთვის, ეს განცხადება გაკეთდა იმ ინფორმაციის ფონზე, რომ 16 ოქტომბერს პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც თეთრი სახლის ლიდერი დათანხმდა რუს კოლეგასთან შეხვედრას ბუდაპეშტში. მან არ დააკონკრეტა, თუ როდის შედგება შეხვედრა, თუმცა დასძინა, რომ სამიტი შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართოს.